logo
ENG



"შემდეგ ბრიფინგამდე უფრო დეტალურად მოვიძიებ ინფორმაციას" - კობახიძე შუქრუთელების საკითხზე

02 ოქტ 202415:28
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/02/nnuqt2xs7l9n4fg.jpg

შუქრუთელების 32-დღიანი შიმშილობასა და სოფლის მოსახლეობის მოთხოვნებზე კითხვის საპასუხოდ, პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ შემდეგი ბრიფინგისთვის "უფრო დეტალურად" მოიძიებს ინფორმაციას.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ონლაინმედია პუბლიკას ჟურნალისტმა ირაკლი კობახიძეს ჰკითხა, აპირებს თუ არა იგი შუქრუთელებთან შეხვედრას, რომლებიც უკვე რამდენიმე კვირაა პროტესტს პარლამენტის წინ, ღია ცის ქვეშ აგრძელებენ და მთავრობის წარმომადგენლებთან საუბარს ითხოვენ.

"დროის ამბავი არ არის. მე, ზოგადად, იცით, რომ არასდროს არ მოვრიდებივარ შეხვედრებს, მაგრამ რა ინფორმაციაც მქონდა, ბუნებრივია, ეს არ არის მხოლოდ კომპანიის ინფორმაცია, ძირითადად სამი პირი იყო ჩართული ამ აქციის ორგანიზებაში. ხშირად ემთხვევა ხოლმე წინასაარჩევნო პერიოდს ასეთი აქციები, რაც სამწუხარო მოვლენაა. მე რა ინფორმაციაც მაქვს, ერთ-ერთ პირს ჰქონდა 80 ათასი ლარი აღებული კომპენსაცია, მეორეს 50 ათასი, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო მიღებული, ჩაბარებული, მოვიდა არჩევნები და… ეს არის ის ინფორმაცია, რაც მე მაქვს", - თქვა პრემიერმა.

ამის საპასუხოდ, ჟურნალისტმა დააზუსტა, რომ შუქრუთელებს პრემიერმინისტრთან შეხვედრა სწორედ იმის გამო უნდათ, რომ სწორი ინფორმაცია მიაწოდონ.

"გპირდებით, რომ შემდეგ ბრიფინგამდე უფრო დეტალურად მოვიძიებ ინფორმაციას, შეგვიძლია ერთმანეთშიც გავცვალოთ ეს ინფორმაცია, საჭიროების შემთხვევაში გადაიდგმება ნაბიჯებიც, მაგრამ გპირდებით, რომ შემდეგ ბრიფინგამდე უფრო დეტალური ინფორმაციით წარვდგები", - თქვა კობახიძემ.

კითხვაზე, შეხვედრას წინ ხომ არაფერი უდგას, პრემიერმა უპასუხა:

"თუ პოზიციები არის სწორი და სიმართლე არის აქციის მონაწილეების მხარეს და პლუს არ არსებობს რესურსი, რომ მოგვარდეს ურთიერთობები კომპანიასა და ამ პირებს შორის, ამ შემთხვევაში საჭიროა შეხვედრა, მაგრამ თუ სხვა რესურსი არსებობს, ამ შემთხვევაში ჯობია, რომ კომპანია და შესაბამისი პირები მოგვარდნენ ერთმანეთთან".

შუქრუთელები წლებია ამბობენ, რომ "ჯორჯიან მანგანეზის" მიერ მადნის მოპოვების გამო მათი სახლები დაინგრა და ნიადაგი დაზიანდა. ისინი კომპანიისგან ღირსეულ კომპენსაციას მოითხოვენ. მათი მოთხოვნაა, რომ ანაზღაურება სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე მოხდეს.

10 სექტემბერს შუქრუთელების პროტესტმა პარლამენტთან გადმოინაცვლა. მას შემდეგ ისინი ღია ცის ქვეშ არიან, პოლიცია კი კარვების გაშლის უფლებას არ აძლევს. რამდენიმე მათგანი უკვე 32 დღეა შიმშილობს.

ამ დრომდე ხელისუფლების წარმომადგენლებიდან შუქრუთელებს არავინ შეხვედრია.


close დახურვა